Thursday, July 19, 2012

ანორექსია


ანორექსია ნერვოზა არის კვებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური აშლილობა



რომლისთვისაც დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: პირველი, თვითნებურად გამოწვეული, შიმშილობა, საკმაოდ სერიოზული ხარისხით. მეორე არის ძალიან ძლიერი სურვილი სიგამხდრის, და მორბიდული შიში სიმსუქნის. მესამე ნიშანი უკავშირდება, სამედიცინო პრობლემებს რომელიც გამოწვეულია შიმშილობით. ასეთ დროს ადამიანები უარყოფენ მინიმალური ნორმალური წონის შენარჩუნებასაც კი და ძალიან ეშინიათ წონის მომატების და ცდილობენ რაც შეიძლება გამხდრად გამოიყურებოდნენ.

ასეთი ადამიანების ნახევარი მიმართავს შიმშილობას და ამის ხარჯზე იკლებენ წონაში, ისინი უარს ამბობენ საკვების მინიმალური რაოდენობით მიღებაზეც კი, ხოლო ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობს, შემდეგ ეწყებათ, უკონტროლო ჭამის ეპიზოდები, ანუ ჭამენ დიდი ულუფებით ბევრს და უკონტროლოდ, და შემდეგ მიმართავენ ხელოვნურად ღებინების გამოწვევას, რადგან სინდისის ქეჯნა აწუხებთ და თავს ცუდად გრძნობენ, ბევრი რომ მიირთვეს, ამას ემატება წონაში მომატების შიში და ირევენ გულს იმ მიზნით, რომ მიღებული საკვებისგან გათავისუფლდებიან, ამის შემდეგ ისევ იწყებენ მკაცრი დიეტის დაცვას, რომელიც შიმშილთან არის ძალიან მიახლოებული.

ანორექსია ახალგაზრდა ქალების დაახლოებით 4% ში გვხვდება, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია მოსახლეობის. ეს დაავადება გვხვდება ძირითადად 14-18 წლის ასაკში, და 20-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში ვიდრე ვაჟებში. ანორექსია ნერვოზათი დაავადებულთა 60 % აღენიშნება დეპრესია, და 30% კი სოციოფობია.


ამ აშლილობის მიზეზები სრულად არ არის ცნობილი თუმცა მრავალ ფაქტორს განიხილავენ, მათ შორის გენეტიკურ საფუძველსაც, თუმცა უფრო გარე ფაქტორებზე დამოკიდებული მდგომარეობაა ვიდრე გენეტიკური აშლილობა. ასეთ ადამიანებში ჰორმონული დისბალანსიც შეიმჩნევა. კორტიზოლის დონე მომატებულია, სასქესო ჰორმონების დონე დაკლებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაც შესუსტებული.
ხშირად ანორექსიას მქონე ადამიანებს აქვთ წარსულში ოჯახური პრობლემები, მშობლებთან ან გამზრდელთან, საკმაოდ ხშირად მათ მშობლებთან აქვთ ახლო ურთიერთობა თუმცა პრობლემატური.

ნიშნები და სიმპტომები, რითიც შეიძლება ანორექსია ნერვოზას ცნობა არის:

გამოკვეთილი წონაში კლება,

რასელის ნიშანი- გადაცქვლეფილი კანი თითების სახსრებთან, თითების ხშირად პირში ჩაყოფისგან ღებინების გამოწვევის მიზნით.

ლანუგო-რბილი და ნაზი თმის ზრდა სახეზე და სხეულზე.

აკვიატებული აზრი და დამოკიდებულება კალორიების მიმართ და ცხიმების შემცველობაზე საკვებში.

საჭმელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, შეიძლება ასეთი ადამიანები ხშირად ამზადებდნენ საჭმელებს სხვებისთვის მაგრამ თვითონ არასდროს ჭამენ.
მკაცრი დიეტობა, მიუხედავად იმისა რო ასეთი ადამიანები ძალიან გამხდრები არიან , მაინც გამუდმებულ დიეტას მიმართავენ.

ანორექსიისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია წონაში მომატების შიში.

საჭმელებთან დაკავშირებული რიტუალები, საჭმელებს ჭრიან ძალიან თხელ ნაჭრებთან, სხვებისთვალწინ თითქმის არასდროს ჭამენ.

ხელოვნურად ღებინების გამოწვევა, ლატექსივების , წონაში დასაკლები წამლების ხმარება, ხშირად ჭამის შემდეგ მირბიან აბაზანაში, რათა მიღებული საკვები აღებინონ, კალორიების მიღების თავიდან აცილების მიზნით.

შეიძლება მიმართავდნენ, მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, სხვადასხვა ვარჯიშებს.

დეპრესიულობა, საკმაოდ ხშირად არიან დეპრესიაში, და ლეთარგიული (ძილიანობა) მდგომარეობაც ხშირია ასეთ დროს.

აღქმის დარღვევა, ისინი თავს ხშირად თვლიან ჭარბწონიანად, მიუხედავად იმისა რომ ყველა მიუთითებს მათ სიგამხდრეზე.

ხშირად ცივდებიან, მათ სხეულში ცხიმების არ არსებობის გამო ირღვევა თბორეგულაცია, აგრეთვე ამას ემატება სისხლის დაბალი წნევა და ცირკულაციასთან დაკავშირებული პრობლემები..

მარტოსულობა-ხშირად ასეთი ადამიანები გაურბიან ახლო ურთიერთობებს, მეგობრებს, ნათესავებს და საკუთარ თავში ჭაკეტილები ხდებიან.

ხალვათი ტანსაცმელი- ხშირად ანორექსიის დროს აცვიათ შესამჩნევად მოშვებული და ხალვათი ტანსაცმელი. ორი ძირითადდი მიზეზის გამო, პირველი არის ის, რო სურთ დამალონ საკუთარი სიგამხდრე, თუ ახლობლებთან ამის გამო აქვთ ხოლმე პრობლემები, და მეორე იმის გამო აცვიათ ასე, რომ სურთ დამალონ საკუთარი ჭარბი წონა, და ისინი ფიქრობენ, რო ათ აქვთ ზედმეტი კილოგრამები, რომელსაც დამალვა ჭირდება.

ლოყები, შეიძლება ქონდეთ გამობურცული რადგან დიდდება სანერწყვე ჯირკვლები ხშირი ღებინების შედეგად.

მკურნალობა: ანორექსიას მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1) ნორმალური წონის აღდგენა

2)მკურნალობა იმ ფსიქოლოგიური პრობლემების რაც ანორექსიას ახლდა თან.

3)ისეთი ქცევების და ფიქრების შეზღუდვა, რაც კვებითი აშლილობების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მკურნალობაში აგრეთვე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფსიქოთერაპიებს, რომელსაც საკმაოდ ინტენსიური ხასიათი უნდა ქონდეს, ზოგჯერ შედეგის მომტანია, ალტერნატიული მედიცინაც, მაგალითად იოგა.

და ბოლოს, ანორექსია, საკმაოდ მძიმე ფსიქიკური დარღვევაა, წონაში ასე დრამატულმა კლებამ, გამუდმებულმა დიეტამ და ძალით გამოწვეულმა ღებინებამ, შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამ დროს იკარგება წყალი და ელექტროლიტები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ ამ მდგომარეობის შედეგები ზოგჯერ ლეტალურია. ასე, რომ სანამ “ზედმეტი” კილოგრამებისგან გათავისუფლებას გადაწყვეტთ დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა მართლა ეს და თუ აუცილებელია მოძებნეთ ოპტიმალური გამოსავალი მიზნის მისაღწევად , და უარჰყავით ისეთი ორგანიმის დამანგრეველი ქმედებები, როგორიცაა შიმშილობა, და ყოველი ჭამის მერე გულისრევის ძალით გამოწვევა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპს: ღიმილი , ცოტა საკვები მცირე ულუფებით დღეში რამდენჯერმე, ფიზიკური აქტივობა(ვარჯიში), და სიყვარული… სიყვარული და კიდევ სიყვარულით ტკბობა, საყვარელ ადამიანთან. : )

No comments:

Post a Comment