Thursday, May 10, 2012

5 ფრაზა, რომელიც სასურველია არ ვუთხრათ პატარებს



არავისთვისაა სიახლე, რომ მშობელმა ყველაზე დიდი ყურადღება ბავშვთან კომუნიკაციას უნდა დაუთმოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას და როგორ ვეტყვით ჩვენს პატარებს. მშობლის კომუნიკაცია შვილთან არის მათი მომავალ ურთიერთობების განმაპირობებბელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

არის რამდენიმე ფრაზა რაც არ არის რეკომენდირებული ვუთხრათ ჩვენს პატარებს:

1. „ჩემთვის სულერთია“

პატარებს უყვართ თავიანთი ამბების, გრძნობებისა და ემოციების გაზიარება. ისინი ყვებიან თავიანთ თავგადასავლებზე, მეგობრებზე, ყოველ უმნშვნელო წვრილმანზეც კი. ხანდახან მშობლებს უბრალოდ არ სურთ ამ ყველაფრის მოსმენა, ხანდახან ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სულაც არ არის ისეთივე საინტერესო მშობლისთვის. მშობლისა და შვილის ურთიერთობები უნდა განვითარდეს წლებთან ერთად. აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომუნიკაცია, მშობელმა მოუსმინოს და დაარიგოს შვილი, შვილმა კი გაუზიაროს თავისი ემოციები მას. არასოდეს უთხრათ ბავშვს „ჩემთვის სულერთია“, ამან შეიძლება დიდი სტრესი გამოიწვიოს პატარაში. პირიქით, მუდამ ეკონტაქტეთ ბავშვს, ეცადეთ დღე ისე არ დამთავრდეს, რომ არ მისცეთ პატარას შესაძლებლობა თამამად გაგიზიაროთ თავისი ისტორიები, გულისყურით მოუსმინეთ და ჩაერთეთ მის ემოციებში.



2. „მოიქეცი შენი ასაკის შესაბამისად!“

ხანდახან ბავშვები იქცევიან ასაკის შეუსაბამოდ, თქვენ კი გამუდმებით შენიშვნას აძლევთ - ეს ძალიან უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე. ხანდახან ბავშვის არასწორი მოქმედება გამოწვეულია სირთულეებით მის ცხოვრებაში და იმის მაგივრად რომ დაეხმაროთ ამ სირთულეების გადალახვაში, აკრიტიკებთ მას ასაკთან შეუსაბამო ქცევის გამო. ასეთ დროს ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ გააკეთოთ მცირე შესვენება, მოიკრიბოთ გონება და ეფექტურად აუხსნათ პატარას თუ რაიმე არასწორად გააკეთა.



3. „მოიხადეთ ბოდიში“

ხშირად ხვდებით ასეთ სიტუაციაში: თქვენი პატარა ართმევს სხვას სათამაშოს და ატირებს მას, თქვენ კი სასწრაფოდ ეუბნებით ბავშვს მოიხადოს ბოდიში. თქვენ ცდილობთ ასწავლოთ მას იყოს ლოიალური და ზრდილობიანი. თუმცა ხშირად ხდება, რომ ბავშვი ვერც კი ხვდება თუ რის გამო იხდის ბოდიშს, ეს ხდება გაუზრებლად და არ უყალიბებს პატარას არანაირ სოციალურ უნარ-ჩვევებს. ასეთ დროს სჯობს მოიხადოთ ბოდიში თქვენი პატარას მაგივრად, რომ დაანახოთ სოციალური ქცევის მოდელი, რომელსაც აითვისებს და მომავალში თავადაც გააზრებულად გამოიყენებს.



4. „ვერ გაიგე“?

თქვენ ხშირად ცდილობთ ასწავლოთ პატარას ახალი რაღაცეები. თუმცა ხანდახან ხდება რომ რამდენჯერმე ახსნილს მაინც ვერ ითვისებს ბავშვი. როდესაც თქვენ უსვამთ მას შეკითხვას „ვერ გაიგე?“ - ეს მასზე უარყოფითად მოქმედებს. ბავშვი ცდილობს გააკეთოს ის, რასაც ასწავლით. ვერ აკეთებს? - იქნებ ცდილობს და არ გამოსდის? - ეს ისედაც დამთრგუნველი ფაქტორია ბავშვისთვის. ასეთ დროს სჯობს შეისვენოთ და მოძებნოთ ალტერნატიული გზები ასახსნელად თუ შესასწავლად, შედეგმა შეიძლება თქვენც გაგაკვირვოთ!





5. „მივდივარ შენს გარეშე“

როცა ბავშვს არ უნდა წამოსვლა, მშობელი ხშირად ეუბნება, რომ წავა და დატოვებს მას მარტოს. მცირე ასაკის ბავშვებისთვის შიში, რომ მშობელი დატოვებს, ძალიან რეალურია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს ხრიკი არ ჭრის? ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის ის, რომ მშობლებს სურთ ბავშვებს სჯეროდეთ მათი ნათქვამი. თუ გვინდა, რომ დავაჯეროთ ბავშვები ჩვენს ნათქვამში, არ უნდა ვთქვათ რაიმე არარეალური - გვირჩევენ ფსიქოლოგები. სცადეთ არ უთხრათ, რომ დატოვებთ მარტოს, პირიქით, გაუჩინეთ რაიმე მოტივაცია, რომ საბოლოოდ მიიღოთ ის, რაც თქვენც გსურთ და პატარაც დარჩეს კმაყოფილი.


N.K.

No comments:

Post a Comment