Thursday, April 12, 2012

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თეთრისა და შავის გარჩევა


რა არის ცუდი და რა არის კარგი, ანუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თეთრისა და შავის გარჩევა



1 წლამდე - ამ ასაკში თქვენ ვერ შეძლებთ ბავშვს აუხსნათ, თუ რა არის შავი და რა არის თეთრი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოქმედებებით შეგიძლიათ დაანახვოთ ქცევის სწორი მოდელი. ამ ასაკში ბავშვი თქვენგან მხოლოდ სიყვარულსა და მზრუნველობას საჭიროებს.

1-დან 2 წლამდე - თქვენი ძირითადი ტაქტიკა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შენიშვნა მისცეთ პატარას, ამის საუკეთესო საშუალება კი არის ის, რომ აღმოფხვრათ სიტუაციები, რომლებშიც ბავშვი შეიძლება არასწორად მოიქცეს. მაგალითად, კი არ უთხრათ, რომ დანის აღება არ შეიძლება, უბრალოდ, გადამალეთ დანა.

2-დან 4 წლამდე - ამ ასაკში ბავშვები ვერ აღიქვამენ აბსტრაქტულ ცნებებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ხელგაშლილობა, გულუხვობა, სიმართლე, სიძუნწე და ასე შემდეგ. ამიტომ ბავშვებს უჩვენეთ მაგალითები, დაანახეთ, რომ გაქვთ ორი კანფეტი, ერთი მას მიეცით, მეორე კი თქვენ დაიტოვეთ. ასე ისწავლის ის გაყოფას.

4-დან 5 წლამდე - ეს არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ თქვენს შვილს ჩამოუყალიბდეს კარგისა და ცუდის სწორი გაგება. ამ ასაკში ბავშვები კარგად გებულობენ მარტივ განმარტებებს. უკვე შეგვიძლია, ავუხსნათ ცნებები- სიკეთე, გულუხვობა და პატიოსნება.

სწავლების საუკეთესო მეთოდია მაგალითების ჩვენება, გახსოვდეთ! ბავშვს ჭკუა თვალებში აქვს. ამ ასაკის ბაშვები ბაძავენ საყვარელ ადამიანებს. მათ სურთ, გამოიწვიონ მშობლების სიხარული და აღფრთოვანება, ერთი სიტყვით, დადებითი რეაქციები.

ამიტომ რაც შეიძლება ხშირად შეაქეთ ისინი. უყურადრებოდ არ დატოვოთ ბავშვის არც ერთი კარგი ქმედება, სწორედ ეს არის ძირითადი სასწავლო მეთოდი ამ ასაკში.

5-დან 8 წლამდე - ამ პერიოდში ბავშვებს უყალიბდებათ სოციალური ცნობიერება, ისინი იწყებენ გაგებას, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და რომ საზოგადოებაში არსებობს წესები და კანონები, რომლებიც დაცვას მოითხოვს.

8-დან 11-მდე - ამ ასაკში ბავშვის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარე ფაქტორები: სკოლა, მეგობრები და ასე შემდეგ. ბავშვს უჩნდება მოსაზრებები, რომლებიც შესაძლებელია ჩვენს გაგებას უპირისპირდებოდეს, ეს არის ნორმალური მოვლენა მისი პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე.

თქვენ უნდა დარჩეთ ურყევი თქვენი ფუნდამენტური მოსაზრებების მიმართ, მაგრამ ამასთანავე ლოიალური და მოქნილი ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი. ამით შვილის გულს მოიგებთ. ხშირად ესაუბრეთ მას იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას აკისრია ოჯახის, საზოგადოების, მეგობრების, მასწავლებლების წინაშე.

11-დან 17 წლამდე - ეს არის ყველაზე რთული ასაკი, როდესაც მოზარდები ეწინააღმდეგებიან ყველას და ყველაფერს. მაგრამ თუკი ადრეული ასაკიდან იგი იზრდებოდა გარკვეული მორალური თვისებებით, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ თვისებებს იგი შეინარჩუნებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ამ ასაკში თქვენი მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოთ გულითადი ურთიერთობები შვილთან, როგორც პიროვნებასთან, გულღიად და მეგობრულად ესაუბროთ არამარტო იმ პრობლემებზე, რომლებიც მას აწუხებს, არამედ ყურადღება გაამახვილოთ მის წარმატებებზეც.

მთავარია, რომ შვილი არ დაგშორდეთ. ნუ გაგაგიჟებთ და გაგაღიზიანებთ ის, თუ იგი გადაუხვევს საერთო ნორმებსა და ტრადიციებს, ნუ იფიქრებთ, რომ მასში ტყუილად ჩადეთ ამხელა შრომა, რომ ეს ყველაფერი დაკარგული და დავიწყებულია. არა, ეს უბრალოდ ხანაა, რომელიც ყველამ უნდა გამოიარიოს.

17-წლიდან მაღლა - ამ ასაკში თქვენი შვილები ზრდასრულ პიროვნებებად გვევლინებიან, რომლებსაც საკუთარი შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე. ამასთანავე, ცხოვრება გრძელდება და ის თავისებურ ამოცანებს უყენებს მათ გადასაჭრელად, სწორედ ასეთ დროს სჭირდება მათ თქვენი მორალური მხარდაჭერა. ამ ამოცანების გადაჭრისას გამოჩნდება რეალურად რა შრომა ჩადეთ თქვენს შვილებში.

N.K

No comments:

Post a Comment