Friday, April 13, 2012

ბავშვობიდან მოწიფულობისკენ!!!!






ბავშვობიდან მოწიფულობისკენ გარდამავალ ხანას სპეციალისტები პუბერტატულს უწოდებენ, ჩვენ კი უბრალოდ გარდატეხის ასაკს ვეძახით. ეს ხანა გოგონებისთვის 10-11 წლიდან იწყება, ვაჟებისთვის კი - 12-14 წლიდან და 15-16 წლამდე გრძელდება. ასეთი ასაკობრივი დაყოფა დაახლოებითია. სინამდვილეში გარდატეხა შესაძლოა უფრო ადრე ან უფრო გვიანაც დაიწყოს. ამ პერიოდში ორგანიზმში არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რის გამოც საგრძნობლად იცვლება მოზარდის ქცევა, მისი ყოველდღიური რეჟიმი, სურვილები და მისწრაფებები, ის მოუსვენარი, ჯიუტი და მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება.

რისი ბრალია ეს უცნაურობანი?

ყოველივე ამის მიზეზი სისხლში მოცირკულირე სასქესო ჰორმონები გახლავთ. ისინი აფხიზლებენ სქესობრივ სწრაფვას, რაც პირველ ხანებში - ცნობისმოყვარეობით, შემდეგ კი საპირისპირო სქესისადმი მოჭარბებული ინტერესით გამოიხატება. მოზარდებს უცნობი შეგრძნებები და აზრები, ბუნების ინტიმურ საიდუმლოებათა შეცნობის სურვილი ებადებათ. საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა ვაჟებში - პოლუ-ციის, გოგონებში კი მენსტრუაციის დაწყების მომენტს ემთხვევა და ეს ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მისწრაფებაა. თუმცა მენსტრუაციისა და პოლუციის თანმხლები სქესობრივი სწრაფვის გამოვლენა არ ნიშნავს სქესობრივ სიმწიფეს და იმას, რომ მოზარდს უკვე შეუძლია სქესობრივი ცხოვრების დაწყება. მოზარდის ორგანიზმი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალზე ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ ამ წლებში ქსოვილთა შენება, ორგანოების მუშაობა იცვლება. ბავშვისთვის დამახასიათებელ ზერელე და ხშირ სუნთქვას ღრმა, ნაკლებად ხშირი, ნელი და რიტმული სუნთქვა ცვლის.

იზრდება ბავშვის გულიც - ის მოზრდილი ადამიანის გულზე საღი, ელასტიკური და ამტანია, მაგრამ სინაზისა და განუვითარებლობის გამო განსაკუთრებული რეაქციულობა ახასიათებს. გულის გადიდების ტემპს ჩამორჩება სისხლძარღვთა სანათურის ზრდის პროცესი, რაც სისხლის მოძრაობას ართულებს. გულის მიერ ერთი წუთის განმავლობაში გადასროლილი სისხლის მოცულობის ზრდა და სისხლძარღვის სანათურის დიამეტრის უცვლელობა გულ-სისხლძარღვთა სისტემაში შეუსაბამობას ქმნის, ეს კი ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის მოშლასა და წნევის მომატებას იწვევს, ამიტომ მოზარდ ასაკში ხშირია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სწრაფი გადაღლა. ბავშვის ორგანიზმის განვითარების კვალდაკვალ ძლიერდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქცია, რაც უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ რაციონისა და კვების რეჟიმის განსაზღვრისას. ბავშვის კბილების მინანქარი უფრო თხელია და ფაქიზი, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. იგი ადვილად ზიანდება, ამიტომ გარდამავალ ასაკში ხშირია კბილის კარიესი. ეს ყოველივე პირის ღრუს მართებულ ჰიგიენურ მოვლას მოითხოვს. ყველა ორგანოს მუშაობას ნერვული სისტემა არეგულირებს. გარდატეხის პერიოდში აღგზნების რეაქციები ჯერ კიდევ სჭარბობს შეკავებისას, რის გამოც მოზარდისთვის დამახასიათებელია მომატებული აგზნებადობა. ამის შედეგად ნერვული უჯრედები სწრაფად იქანცება, რაც გუნება-განწყობისა და ქცევის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს.

N.K.

No comments:

Post a Comment