Friday, April 13, 2012

ID, EGO, SUPER-EGO


პიროვნების მოდელი, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა, შედგება ფუნქციურად განსხვავებული სამი ქვესტრუქტურისაგან,რომელთა ერთობლიობაც დამახასიათებელია ნებისმიერი პიროვნებისთვის.

ID - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს.(შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტთა საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარეობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური(”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა(აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს - ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს(Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO - არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა,- სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა - დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

M.P

No comments:

Post a Comment