Wednesday, January 16, 2013

აზროვნება



აზროვნება არის კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს.

აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება. აზროვნება იძლევა განზოგადების საშვალებას, როდესაც რაიმე მოქმედება ერთხელ უკვე გაქვს გაკეთებული მისი ხელახალი შესრულება უფრო ადვილია. მაგალითად როდესაც რაიმე ამოცანა ამოხსნილი გაქვს მსგავსი ტიპის ამოცანის ამოხსნა უფრო ადვილია. თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების ძირითადი სახეები, თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება. ზრდასრული კულტურული ადამიანის აზროვნებას ლოგიკურს, ვერბალურს ან ცნებით აზროვნებას უწოდებენ. ლოგიკურს იმიტომ, რომ აზროვნების ეს სახე ლოგიკის საგანს შეადგენს. შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნალოვანებების გამოვლენაზე. რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას. აუტისტურიაზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე. პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს. პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრსას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას. ლოგიკური აზროვნების პროცესები სამი ფორმით ფუნქციონირებს, ესენია ცნება, მსჯელობა და დასკვნა. ფსიქოლოგიურად ცნება განიცდება, როგორც სიტყვის მნიშვნელობა. ჩვეულებრივად, მეტყველების პროცესში სიტყვა ისე იხმარება, რომ ადამიანს არ შეუძლია მისი მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა. აზროვნების პროცესებში ცნება ჩვეულებრივად განცალკევებულად არ იაზრება, იგი მსჯელობაში შედის. ასევე მსჯელობისთვის დამახასიათებელია გამოთქმულში დარწმუნებულობის მომენტი. დასკვნის შედეგად ვღებულობთ ახალ მსჯელობას,
რომელიც თავისთავად რამოდენიმე მსჯელობის შედეგია. დასკვნას აქვს სამი ძირითადი სახე, ესენია: ინდუქცია, დედუქცია და ანალოგია. ინდუქცია არის კერძო მსჯელობიდან ზოგადის გამოყვანა. დედუქცია ზოგადი მსჯელობიდან კერძოს გამოყვანა, რომელიც ორი ან მეტი წანამძღვრიდან ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარს გულისხმობს. ადამიანები ჭეშმარიტად მიიჩნევენ იმ დასკვნებს, რომელთათვისაც შეუძლიათ რეალური სამყაროს მისაღები მოდელის აგება, ხოლო მცდარად თვლიან იმ დასკვნებს, რომელთათვისაც ამის გაკეთება უჭირთ. ანალოგია კი ერთი კერძო მოვლენიდან მსგავსი მოვლენის შესახებ დასკვნაა. დასკვნის უკანასკნელ სახეს ანალოგიით დასკვნას არ აქვს სანდოობა, რაც ინდუქციას და დედუქციას ახასიათებს. საერთოდ კი დასკვნის შემეცნებითი ღირებულება დიდია, იგი აფართოებს ჩვენს ცოდნას, გვაგებინებს ისეთ რამეს რაც გამოცდილებაში არ გვქონია. ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს: ანალიზი, აბსტრაქცია ანუ განყენება და სინთეზი. ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს. აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას. არჩევენ აბსტრაქციის ორ სახეს: პოზიტიურს და ნეგატიურს. პოზიტიური აბსტრაქციის საგანი არის ის რისი გამოყოფაც მოვახდინეთ, რაც აზროვნების საგანს შეადგენს, ხოლო ნეგატიური აბსტრაქციის საგანი არის ის, რისგანაც აბსტრაქცია, გამოყოფა მოხდა. სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას.

2 comments:

  1. amdeni rame ici da is ar ici sashvaleba rom araris da sashualebaa?

    ReplyDelete
  2. ვიკიპედია))))

    ReplyDelete